ელგუჯა ხინთიბიძე:
(დ. 7 ივნისი, 1937) — ქართველი ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2012), შუა საუკუნეების ფილოსოფიური კვლევების საერთაშორისო საზოგადოების ნამდვილი წევრი (SIEPM)[1].
ბიოგრაფია
ელგუჯა ხინთიბიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი.
სხვადასხვა დროს იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი (1976-1986); თსუ პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში (1986-1993); თსუ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე (2000-2006).
ჟურნალ „ლიტერატურათმცოდნეობის“ რედაქტორი (1976-2004). საერთაშორისო ჟურნალ „გეორგიკის“ რედკოლეგიის წევრი (1978-). საერთაშორისო ორენოვანი (ინგლისური, ქართული) ყოველწლიური ჟურნალის „ქართველოლოგის“[2] დამაარსებელი და რედაქტორი (1993-). "ქართველოლოგიური სკოლის ცენტრისა" და "ქართველოლოგიური სკოლის ფონდის" დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1992-). საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა-სემინარის დამაარსებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი (1995-). ქართველოლოგიური საერთაშორისო სიმპოზიუმების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.
მისი კვლევის სფეროა შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, განსაკუთრებით - ისეთი სპეციფიკური პრობლემები და დარგები, როგორებიცაა ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობანი, რუსთველოლოგია და წყაროთმცოდნეობა.